GÉORGIE – კარტოგრაფიული ქაოსი რუკა1

2019 წლის მარტში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ რენში, საინტერესო რუკას გადავაწყდი. უცნობი ფრანგი კოლექციონერი მცირე ზომის რუკას ყიდდა, სახელწოდებით „GÉORGIE“. ბევრი აღარ მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე დატანილი რამდენიმე აღნიშვნა აშკარად რთულად დასაჯერებელი იყო, პირველი, რაც გავაკეთე, კოლექციონერს ფასზე შევუთანხმდი და რუკა ვიყიდე. იმ დღიდან მოყოლებული, „GÉORGIE“ ჩემი ძველი ევროპული რუკების კოლექციის განუყოფელი ნაწილია.

რუკის ავტორი პიერ დიუვალი, ძველი ფრანგული კარტოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლია. მის სახელს არაერთი რუკა უკავშირდება, მათ შორის, „GÉORGIE“-ის აქ წარმოდგენილი გამოცემა, რომელიც 1670 წელს დაიბეჭდა წიგნში „Le Monde ou la Géographie Universelle“. სავარაუდოდ, დიუვალი პირველი ევროპელი კარტოგრაფია, რომელმაც რუკის სახელწოდებაში, მხოლოდ ერთი სიტყვა – „GÉORGIE“ გამოიყენა.

პიერ დიუვალი (1618-1683 წწ.) გეოგრაფი და ძველი ფრანგული კარტოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის სახელს არაერთი რუკა უკავშირდება. გამოსახულია XVII საუკუნის გრავიურაზე, რომლის ავტორია ნიკოლა ლანგლუა. 

 

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ფრანგი კარტოგრაფის მიერ რუკის მარცხენა ქვემო კუთხეში, ჩარჩოში მოთავსებული წარწერა „GÉORGIE“ აქ მხოლოდ საქართველოს არ აღნიშნავს. ამ სახელწოდებაში თითქმის მთელი რეგიონია ნაგულისხმევი. იმავე აღნიშვნას უნდა უკავშირდებოდეს ინგლისელი კარტოგრაფის, ჯონ სელერის მიერ 1678 და 1685 წლებში ლონდონში დაბეჭდილი ორი რუკა, სახელწოდებით „GEORGIA“ და გერმანელი კარტოგრაფის, იოჰან ულრიხ მიულერის მიერ 1692 წელს ულმში გამოცემული „GEORGIA“. როგორც ჩანს, XVII საუკუნის მეორე ნახევარში, ძველ ევროპულ რუკებზე ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებული საქართველოს აღმნიშვნელი სახელწოდების მთელს რეგიონზე გავრცელება მიღებული ფორმა იყო.

პიერ დიუვალის რუკას თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ „GÉORGIE“, რუკის სახელწოდების აღნიშვნის გარდა, სხვაგან არსად წერია. ასეთ დროს ლოგიკური კითხვა ჩნდება: თუ „GÉORGIE“ მხოლოდ საქართველოს არ აღნიშნავს, მაშინ დიუვალის რუკაზე დატანილი რომელი სახელწოდება უკავშირდება უშუალოდ საქართველოს? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს. პირველი – „Mingrelie“, ანუ სამეგრელო, რომლის შემადგენლობაშიც იმდროინდელი დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი მოიაზრება გურიის, ლაზეთის („Lazi al Curu, Guriel“) და თანამედროვე აფხაზეთის დიდი ნაწილის ჩათვლით. მეორე, აღმოსავლეთ საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებული სიტყვა გურჯისტანია („Gurgistan“), სადაც ასევე ვხდებით – იმერეთს („Basciuk“) და კახეთს („Lachet“). რუკაზე რატომღაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილშია აღნიშნული „Suanes“, ანუ `სვანები“.

საქართველოსთან დაკავშირებით რუკაზე დატანილი გეოგრაფიული აღნიშვნების უმრავლესობის ამოცნობა შესაძლებელია. მაგ. „Lonati“ – ბათუმია, „Fazo“ – ფაზისი, „Sauastopili“ – სოხუმი, „Cotachis“ – ქუთაისი, „Scander“ – სკანდა, „Cori“ – გორი, „Tiflis“ – თბილისი, „Zagrano“ – ძეგამი და „Grim“ – გრემი.

პიერ დიუვალი არასოდეს ყოფილა საქართველოში. ის, რასაც რუკაზე აღნიშნავს, მას საკუთარი თვალით არ უნახავს. შესაბამისად, კარტოგრაფი მისი წინამორბედი ავტორების ცნობებს ეყრდნობა და ლოკალიზების თვალსაზრისით ხშირად იმავე შეცდომებს იმეორებს, რასაც სხვები. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გორსა და თბილისს შორის მოთავსებული დიდი ტბაა. ეს სევანის ტბა უნდა იყოს. რუკაზე ასევე შეცდომით არის დატანილი მდინარეების – რიონის („Faze R.“) და მტკვრის („Kur R.“) დინების მიმართულება. ასეთი უზუსტობების პოვნა დიუვალის სხვა ქვეყნების რუკებზეც შეიძლება. ზოგადად, ჩვენს რეგიონთან დაკავშირებული მსგავსი ტიპის ხარვეზების უმრავლესობა შედარებით გვიან, 1723 წელს პარიზში, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის სამეფო კარტოგრაფის, გიომ დელილის მიერ გამოცემული რუკით გასწორდა. დადასტურებულად ვიცით, რომ ეს უკანასკნელი რუკის შედგენის დროს ქართველი დიპლომატის, მოგზაურისა და მეცნიერის, სულხან-საბა ორბელიანის მიერ მიწოდებული ცნობებით სარგებლობდა, თუმცა ევროპულ კარტოგრაფიაში სულხანსაბას მონაწილეობა საქართველოს ევროპული ისტორიის სულ სხვა, ცალკე მოსათხრობი ამბავია.