აზია
118x92სმ
ნიკოლა დე ფერი , პარიზი, 1694 წ. (რარიტეტული, პირველი გამოცემა).
აზიის დიდი რუკა, ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, ნიკოლა დე ფერის კედლის დიდი რუკების სერიის ნაწილია, რომელიც სპეციალურად საფრანგეთის სამეფო კარისა და არისტოკრატიისთვის იქმნებოდა. შესაბამისად, ამ სერიის რუკები შეზღუდული რაოდენობით იბეჭდებოდა და დიდ იშვიათობას განეკუთვნება, განსაკუთრებით, 1696 წლის გამოცემა.
რუკის მარჯვენა ზედა ნაწილში, შავ ზღვასა (MER NOIRE, PONT EUXIN) და კასპიის ზღვას შორის, წარმოდგენილია ცნობები საქართველოს შესახებ, რომლის აღსანიშნავადაც გამოყენებულია GEORGIE და GURGISTAN. ეს აღნიშვნები თითქმის სრულად ფარავს რეგიონს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.

საქართველოს სამეფო სამთავროებიდან და მხარეებიდან რუკაზე გვხვდება: გურია (Guriel), სამეგრელო (Mingrelie), აფხაზეთი (Pais d’Abaza), იმერეთი (Immirette), სამცხე-საათაბაგო (Baratralu), ქართლი (Carduel).
დასახლებული პუნქტებიდან და ციხე ქალაქებიდან რუკაზე ასევე დატანილია: გონიო (Ghiunia), ქუთაისი (Cotatis), სკანდა (Scander), გორი (Cori), თბილისი (Teflis) და ძეგამი (Zagen).
მდინარეებიდან რუკაზე ასახულია რიონი (Fasso) (ფაზისი/რიონი) და მტკვარი (Kur).
დე ფერის აზიის რუკას განსაკუთრებულ ღირსებას მატებს, ჰენდრიკ ვან ლუნის მიერ შესრულებული ილუსტრაციები, რომლებიც რუკის ირგვლივ არის დატანილი. ამ ილუსტრაციებიდან საქართველოს უკავშირდება სამი მათგანი: რუკის ქვედა ნაწილში, ცენტრში, წარმოდგენილია: რთველი იმერეთში, ტყვეთა სყიდვა სამეგრელოში და ქართველების შესვლა იერუსალიმში წმინდა გიორგის გაშლილი დროშით. თითოეულ ილუსტრაციას თან ახლავს მცირე ტექსტი, რომელთა შორის გამოსარჩევია იერუსალიმში ქართველთა შესვლის სცენა გაშლილი დროშით. ტექსტში იკითხება, რომ იერუსალიმში დროშებით შესვლა ქართველთა პრივილეგია იყო.

ნიკოლა დე ფერის აზიის რუკა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ძველი ევროპული რუკაა, რომელსაც, რუკაზე საქართველოს აღნიშვნის გარდა, თან ახლავს საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებული ილუსტრაციები.