იოჰან მატიას ჰაასის ევროპის შესანიშნავი რუკა
იოჰან მატიას ჰაასის ევროპის შესანიშნავი რუკა, რომელიც ჰომან ჰეირის გამომცემლობის მიერ არის დაბეჭდილი.
რუკაზე შავ და კასპიის ზღვებს შორის არსებული არაერთი მნიშვნელოვანი ქალაქი და სხვა გეოგრაფიული პუნქტია დატანილი. საქართველო აღნიშნულია ევროპის ქვეყნებში გავრცელებული მისი ყველაზე პოპულარული სახელწოდებით - Georgia. თუმცა, რუკაზე ეს სახელწოდება ორი ფორმითაა გამოყენებული: აღნიშვნა “Georg Turc” მიუთითებს დასავლეთ და სამხრეთ დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის გავლენის ზონაზე, ხოლო “Georgia Persica” - აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთის იმპერიის გავლენის ზონაზე.
კარგად იკითხება: Guril (გურია), Mingrel (სამეგრელო), Abcassi (აფხაზეთი), Imiret (იმერეთი), Suani (სვანეთი), Osseti (ოსეთი) და Kaket (კახეთი).
დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შემდეგი ციხეები/ქალაქები: Cune Gunie (გონიო), Savatopoli (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Scander (სკანდის ციხე), Akalzique (ახალციხე), Surham (სურამი), Gorg (გორი), Tiflis (თბილისი) და სხვა.
საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნების გარდა, რუკაზე შესაძლებელია ისეთი ტოპონიმების ამოკითხვა, როგორებიცაა: Armenia (არმენია), Ischmiazin (ეჩმიაძინი), Erivan (ერევანი), Karasbag (ყარაბაღი), Scirvan (შირვანი), Gandja (განჯა), Schamachic (შემახი), Bacu (ბაქო) და ბევრი სხვა.